თარიღი: 02.08.2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტში (SPT) საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) წარსადგენი კანდიდატების შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.

აღნიშნული კონკურსები წარიმართება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848, №849 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ ამ დადგენილების მიღებამდე არ არსებობდა ერთიანი მიდგომა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის წესსა და პროცედურებთან მიმართებით; ამ უფლებამოსილების იუსტიციის მინისტრისთვის მინიჭების მიზანი კი, საქართველოს წინაშე არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი და დროული შესრულება, ზემოაღნიშნულ ორგანოებში მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანდიდატის შერჩევა და წარდგენაა.

კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია თემატური უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობა.


შერჩეული და საქართველოს კვოტით წარდგენილი კანდიდატები თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ზემოდასახელებულ ორგანოებში იმოქმედებენ ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

- ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატი საქართველოს კვოტით − https:/www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/72655?active=1 ;

- ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრობის კანდიდატი საქართველოს კვოტით − https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/72722?active=1 ;

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრობის კანდიდატი − https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/72654?active=1 .

უახლოეს პერიოდში დამატებით გამოცხადდება შესარჩევი კონკურსები კანდიდატების წარსადგენად იმ საერთაშორისო ორგანოებში, სადაც მოახლოებულია საქართველოდან კანდიდატის წარდგენის ვადა.