თარიღი: 26.05.2022

დღის ბოლოს, 17:10 საათზე (საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს), საზეიმო ღონისძიებაზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, რის შემდეგაც ჰაერში საქართველოს დროშისფერი – თეთრი და წითელი ბუშტები გაუშვეს.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საღამო ანსამბლების – „გორდელას“ და „ბანდეროლის“ – კონცერტით გაგრძელდა.

ევროპისკენ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული აქტივობებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას ამბროლაურში თემატურ პავილიონებში მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.სახალხო ზეიმში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების პავილიონები, ენახათ ისეთი ინოვაციები, როგორიცაა: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა.

შემეცნებით-გასართობი პროგრამა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იყო გათვალისწინებული. მოეწყო მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; შემეცნებითი სივრცე „საქართველოს გზა ევროპისკენ“, ვირტუალური ტური ევროპის ქალაქებში.

ბავშვების სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მოწყობილი იყო მეზღაპრის კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, ატრაქციონი.

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საჯარო ლექციითაც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამბროლაურის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს იმ რთული და წარმატებული ბრძოლის შესახებ ესაუბრა, რომელსაც საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში – სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.