თარიღი: 26.05.2022

ევროპისკენ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული აქტივობებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას, ამბროლაურში, თემატურ პავილიონებში მასპინძლობს.

პავილიონებში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტები: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა.

ადგილზე მოსულ მოსახლეობას საშუალება ექნება სამართლებრივი კონსულტაცია მიიღოს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

დღის განმავლობაში შემეცნებით-გასართობი პროგრამა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება წარმოდგენილი.

მოეწყობა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და შემეცნებითი სივრცე „საქართველოს გზა ევროპისკენ“. ღონისძიების მონაწილეებისთვის იმუშავებს ვირტუალური ტური ევროპის ქალაქებში.

არაერთი სიურპრიზი ელით ბავშვებს – მეზღაპრის კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, გიგანტური რობოტები, ატრაქციონი.

17:10 საათზე (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საღამო კი ანსამბლების – „გორდელას“ და „ბანდეროლის“ – კონცერტით დასრულდება.