თარიღი: 02.11.2023

დეკლარაციას ხელი მოეწერა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში.

კონფერენციის თემაა „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე რუმინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როქსანა სიმონა მომეუსს, რუმინეთის პრობაციის სამსახურის უფროს ეველინა-დენისა ოუესლატს და პრობაციის ევროპული კონფედერაციის (СEP) ვიცე-პრეზიდენტ იულიანა კარბუნარუს შეხვდნენ.

გაფორმდა თანამშრომლობის დეკლარაცია რუმინეთის პრობაციის სამსახურთან, რომლის საფუძველზეც მხარეები ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, ასევე, შეხვდნენ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლევონ ბალიანს და პრობაციის სააგენტოს დირექტორ არამ ნიკოიანს.

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ღონისძიებაში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.