თარიღი: 17.06.2023

2022 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფების მიერ ნაკვეთების საკადასტრო აზომვით სამუშაოებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძესთან ერთად ადგილზე გაეცნენ. პროცესი სრულად ელექტრონულია – საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად ავსებენ, რაც ტექნიკური ხარვეზების შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

რატი ბრეგაძე ადგილობრივ მოსახლეობას რეფორმის შედეგების შესახებ გაესაუბრა და მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერებიც გადასცა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 37 456 და დარეგისტრირდა 10 284 მიწის ნაკვეთი, ეტაპობრივად, გრძელდება დანარჩენი ნაკვეთების რეგისტრაციაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, 2022 წლიდან დღემდე 351 204 მიწის ნაკვეთია აზომილი; საკუთრება დარეგისტრირდა 259 759 მიწის ნაკვეთზე. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა, 1000-მდე სამუშაო ადგილი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა მოქალაქისთვის სრულიად უფასოა. რეფორმით სარგებლობა შეუძლიათ დიასპორის წარმომადგენლებსაც.