თარიღი: 04.04.2022

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უდავოა, რომ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მიუთითებდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.

„საჩივარში საუბარი იყო მესამე მუხლზე, რომელიც შეეხება წამებას. ამ ფარგლებში მათ მოითხოვეს დამატებითი ღოონისძიება, რომლის ფარგლებშიც უნდოდათ, რომ დაუყოვნებლივ გადაყვანილი ყოფილიყო კლინიკაში და ეს საჩივარი უნდა გაგრძელებულიყო მომავალში, ანუ ამ საჩივარზე წარმოება. სასამართლომ, ასევე, დაცვის მხარეს მიმართა და განუსაზღვრა ვადა 8 დეკემბრამდე, რომ ამ კონკრეტულ ვადამდე მათ უნდა წარმოედგინათ დამატებითი მტკიცებულებები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, სტრასბურგის ეს განჩინება ცალსახად ადასტურებს, რომ არ არსებობს რაიმე სახის განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მიუთითებდა და მიუთითებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე:

„სტრასბურგის სასამართლო ამბობს პირდაპირ, რომ ამ ეტაპზე არავითარი პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. ბუნებრივია, ყოველთვის შეეცდებიან დაცვის მხარე, მათი მხარდამჭერები, რომ მოახდინონ ამის უგულებელყოფა ან წარმოაჩინონ, თითქოსდა ეს საერთოდ არაფერია, მაგრამ ეს არის ფაქტი, განჩინება, გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ნათლად და ცალსახად ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც დაობდნენ, რომ თითქოსდა იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ., ეს საკითხი დაიხურა. მაშინ სახელმწიფო ინსპექტორმაც დაწერა დასკვნა. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ სასამართლოში და ამ საქმეზეც იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არის გამარჯვებული. საბოლოო ჯამში, გამოიკვეთა სიმართლე როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე, რომ ყველა მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან სააკაშვილის მიმართ, როდესაც ის იყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იყო კორექტული და სრულ შესაბამისობაში ევროპულ ღირებულებებსა და სამართლის ნორმებთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია საზოგადოების სწორი ინფორმირება; უწყება პატივს სცემს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს და არასდროს ახდენს ფაქტების ინტერპრეტირებას.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვახდინოთ ზუსტად ფაქტების კონსტატაცია და სწორედ ამიტომ წავიკითხავ ამონარიდს განჩინებიდან, რომლის თანახმადაც, სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ამორიცხა საჩივარი და, ასევე, მიუთითა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა – გარდა ამისა, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ არსებობს რაიმე სახის განსაკუთრებული გარემოება, რომელიც ევროპული კონვენციითა და ოქმებით გათვალისწინებული, ადამიანის უფლებების პატივისცემის მიზნით მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას“. სწორედ ამიტომ არ შევდივარ გარკვეულ ინტერპრეტაციებში და ამ შემთხვევაში თქვენი ეთერის მეშვეობით საზოგადოებას ვამცნო, თუ რა წერია სასამართლოს განჩინებაში და ეს არის ოფიციალურად განჩინების თარგმანი“, –განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, თუ უფრო დეტალებში და სიღრმეებში შევალთ და ჩავხედავთ 37-ე მუხლს, იქ ისიც არის მითითებული, რომ, თუნდაც, ფორმალური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მაინც შეუძლია, რომ დამატებით განიხილოს, მაგრამ სასამართლომ ამორიცხა და დამატებით დაურთო, რომ რაიმე დამატებითი სახის გარემოებები არ არსებობს, რომ საჩივარი შემდგომში იყოს განხილული. სასამართლომ, ასევე, თქვა, რომ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რაც დამატებით წარმოშობს საჩივრის განხილვის ვალდებულებას.