თარიღი: 28.12.2021

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი გზით გადაყვანას ადგილი არ ჰქონია. რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის წნევის ცვალებადობის გამო ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


„ის გაწერილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან. მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. გააცნეს ძალიან მშვიდ და მისაღებ ფორმებში ეს გადაწყვეტილება და ის არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთოვნას. თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია... კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები. მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ მას შეენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და მიიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება“.

მინისტრის განმარტებით, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს ვალდებულება, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ადვოკატებს შეუთანხმოს.

„რაც შეეხება ადვოკატების ინფორმირებულობას, უნდა გაეცნოთ საქართველოს კანონს და იცოდეთ, რომ როდესაც ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა. ადვოკატს შეუძლია, ის მოინახულოს კანონდებლობით გათვალისწინებული წესით სამუშაო დღეების განმავლობაში განსაზღვრული საათებით. ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.