თარიღი: 05.07.2023

ერთობლივი ფორუმის იდეა გასული წლის სექტემბერში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ფორუმი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია და მიზნად ისახავს სამართლის დარგის პროფესიონალების გაძლიერებას და ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებას.

ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა. „ახალი ფორმატი ქვეყნისთვის დამატებითი საშუალებაა, ქართული სამართლებრივი სივრცე მეტად დავუახლოოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საქართველოს მიზნის მიღწევაში – გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფორუმში გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება.