დასრულდა პროექტი „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“. პროექტის მონაწილეებმა – სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეულმა 30-მდე სტუდენტმა, ადამიანის უფლებების სფეროში 5-დღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული იყო არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. დედაქალაქის გარდა, მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის სკოლებში.
პროექტის შედეგების შეჯამება თსუ-ში შედგა. ღონისძიების მონაწილეებმა პროგრამის მნიშვნელობასა და არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს პროექტის მონაწილეებს – იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და ექსპერტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა. საგრანტო წინადადების წარმდგენი თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებაა.
იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.