თარიღი: 03.11.2021

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შემდეგ პირველი სხდომა გამართა.

კომისიის წევრებმა საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე იმსჯელეს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებამ გააშუქა. შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია სხდომას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს. კომისია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას მეორე ტურის დასრულებასა და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე გააგრძელებს.

უწყებათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა ონლაინფორმატში გაიმართა. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.