თარიღი: 07.09.2022

შეხვედრის მიზანი საქართველოსა და EMCDDA-ს შორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შეჯამება და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გაზიარებაა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, EMCDDA-ის დირექტორი ალექსის გუზდილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, პროექტ EMCDDA4GE-ს გუნდი, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებების, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა პროექტის ფარგლებში ნარკოვითარების მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერების, ეპიდემიოლოგიური ინდიკატორების დანერგვის, ნარკოტიკების პრევენციისა და სამკურნალო სერვისების მხარდაჭერის მიზნით გასული ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო განიხილეს.

აღნიშნული პროექტი EMCDDA-სა და საქართველოს შორის მიმდინარე პირველი ორმხრივი პროექტია, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალური გავრცელების შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკზე ეროვნული რეაგირების მექანიზმების ეტაპობრივი გაძლიერება; ამასთან, საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდა და ეროვნულ დონეზე არსებული პრევენციული და მკურნალობის მექანიზმების მხარდაჭერა.
პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2023 წლის მაისამდე გაგრძელდება.