თარიღი: 28.12.2021

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან N12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ 19 ნოემბერს იქნა გადაყვანილი და მას ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. გუშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ, რასაც მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა.

,,19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნა მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და, შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი გადაწყვეტილების დროებით გადავადების შესახებ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძემ არ გააკეთა ვრცელი კომენტარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ ამის შესახებ დეტალურად შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.

,,ვრცელდება ძალიან ბევრი და სხვადასხვა სახის ინფორმაცია და, ბუნებრივია, ამ სპეკულაციებზე ვერ ვისაუბრებ; შეუძლიათ, ისაუბრონ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და, ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში მაშინ, როდესაც დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია შესაბამისი ჰოსპიტლიდან. ის არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას. არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების აბსოლუტურად კანონიერ მოთხოვნებს, შემდგომში, როგორც უკვე მოგახსენეთ, მას აღენიშნა წნევის ცვალებადობა და, შესაბამისად, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამ ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.