საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული პირველი შეთანხმებაა, რომელიც კომპლექსურად არეგულირებს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მოსახლეობის მიმოსვლის საკითხებს.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და შვეიცარიის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა (ფედერალურმა მრჩეველმა) კარინ კელერ სუტერმა.

,,ეს არის პირველი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ ლეგალური მიგრაციის განვითარებას. გვქონდა ძალიან საინტერესო, გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრა. უკვე ივნისის თვიდან ჩვენ გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ქართული დელეგაცია ეწვევა შვეიცარიის კონფედერაციას და დავიწყებთ თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც მიგრაციის, ასევე ყველა სხვა იმ მიმართულებით, რომელზეც პასუხისმგებელი არის იუსტიციის სამინისტრო“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ლეგალური მიგრაციის პროგრამების წახალისებას; მიგრანტთა უფლებების დაცვის გაძლიერებას, უზრუნველყოფს მიგრაციული გადაადგილების მართვასა და არალეგალური მიგრაციის პრევენციას.

რატი ბრეგაძემ და კარინ კელერ სუტერმა განიხილეს მიმდინარე პროექტები და ინიციატივები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერებისა და სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების კუთხით. ამ სფეროებში თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა

11.05.2022