თარიღი: 12.11.2021

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა სასამართლო პროცესზე ონლაინ რეჟიმში დასწრება, თუმცა, მან ამაზე უარი განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, რეალურად მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს სპექტაკლის დადგმა და მისი უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა სურთ.

„პროკურატურამ მას შესთავაზა პროცესში მონაწილეობა და ჩვენ ამას უზრუნველვყოფდით ტექნიკურად, მაგრამ არ უნდოდათ. რატომ? –იმიტომ, რომ ამ ხალხს სპექტაკლი უნდათ, უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა უნდათ, ე.წ. როგორც თავად ამბობენ, „კარტინკის“ დადგმა უნდათ. ისინი არ არიან მართლმსაჯულებით დაინტერესებული. მათ რომ აინტერესებდეთ სიმართლის დადგენა, თვითონვე მოითხოვდნენ ონლაინ დასწრებას. მაგრამ – არა, ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ის იყოს გაყვანილი გარეთ. ცდილობენ, რომ თავად ამ ადამიანის უსაფრთხოებას შეუქმნან პრობლემა. მაგრამ ჩვენ ვერცერთი პატიმრის უსაფრთხოებას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.