აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების ფარგლებში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.
სამთავრობო უწყებებმა GRETA-ს სამდივნოს წარმომადგენლებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების პროგრესის თაობაზე; კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის; დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები; დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვის, აგრეთვე, ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის მექანიზმები. საუბარი შეეხო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასაც.
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. კოორდინაციას პროცესს ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო უწევს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. საბჭოს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2022 წლის ანგარიშითაც ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს საფეხურზეა.