საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილე ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა და აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
ჰააგის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზად არის, 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან. ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე.
რატი ბრეგაძემ ნაზატ შამიმ ხანთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ უკვე დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა; ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა და წამება; არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ, სტრასბურგის სასამართლოს კვალდაკვალ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოც, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარ ფაქტებს, შესაბამის სასჯელს დააკისრებს ყველა დამნაშავეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენის პროცესში.
შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და თანმიმდევრული სტრატეგიული სამართალწარმოება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. იუსტიციის სამინისტრო, როგორც საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის მაკოორდინირებელი უწყება, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში.