თარიღი: 09.04.2024

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“) რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ ფონზე მიმდინარეობს.

ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა სუვერენიტეტი, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული და უკანონოა „ბორდერიზაციის“ პროცესი. შესაბამისად, უკანონოდ და ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოქმედი დე ფაქტო ორგანოების მხრიდან დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ბორდერიზაციის“ პირობებში განგრძობითად და სისტემურად ირღვევა შემდეგი უფლებები: სიცოცხლის უფლება, წამების/არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება უკანონო დაკავებების/პატიმრობის კონტექსტში, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრებისა და განათლების უფლებები და მიმოსვლის თავისუფლება. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით:

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აგრეთვე, მკაფიოდ აღინიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული ენა არის მშობლიური ენა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას და მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.