თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა. ღონისძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით მიმდინარეობს.
ღონისძიებაში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და 20-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
რატი ბრეგაძემ კონფერენციაზე მართლმსაჯულების სფეროში ქალი სამართალდამცველის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია არის ძლიერი საფუძველი სამართლის უზენაესობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
„ჩვენი უწყება არის ერთ-ერთი ის სამაგალითო ინსტიტუტი, სადაც ქალთა წარმომადგენლობა ხელმძღვანელ პოზიციებზე საკმაოდ დაბალანსებულია. სამინისტროს სისტემაში მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ პირთაგან, დაახლოებით, 60% წარმოადგენს ქალს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
2023 წლისათვის კონფერენციაში 220 მონაწილე ქალია რეგისტრირებული. კონფერენცია მოიცავს სესიებს ქალთა ლიდერობის, სამართალდამცავ ორგანოებში არსებული გამოწვევების, ადამიანით ვაჭრობის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და გამოძიების, გენდერული ნიშნით ძალადობისა და სხვა თემატურ საკითხებზე.
კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, პენიტენციური სამსახურისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.