თარიღი: 04.04.2022

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ინოვაციური სერვისები, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე დასმული კითხვის პასუხად.

რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის და მისი გუნდისათვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე:

„გაიხსნა გარდაბნის იუსტიციის სახლი, არქივის ახალი შენობა ახალციხეში; კასპში, ჩხოროწყუში სიღნაღში, წყალტუბოში გაიხსნა იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები; აჭარაში ნოტარიუსებს გადაეცათ ახალი ბიურო; დაიწყო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, იუსტიციის სახლების მშენებლობები თერჯოლაში, ზესტაფონში, ახმეტაში. ასევე, თბილისში სულ მალე გაიხსნება იუსტიციის სახლის ახალი ლოკაცია და დასრულდება მშენებლობა ხაშურში“.

რატი ბრეგაძემ საერთაშორისო მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა:

„გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებები თურქეთის რესპუბლიკასთან, ისრაელთან, უნგრეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და უახლოეს მომავალში ვაფორმებთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას შვეიცარიასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან“.

მინისტრმა პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე დამტკიცებულია სპორტის სტრატეგია, რაც პატიმრებს პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა ციფრული უნივერსიტეტის პროექტზე, რაც პატიმრებისთვის დისტანციური სწავლების მეთოდით უმაღლესი განათლების შესაძლებლობას იძლევა.

ეთერში საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ მეტად გაზრდის მიზნით განხორციელდა „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი.

„სულ მალე გვექნება ციფრული იუსტიციის სახლიც და სატელეფონო აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ ყველა იმ მომსახურების მიღებას, რომელთაც იღებთ იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება.

„უკვე არის ძალიან კონკრეტული გრაფიკი და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, გაწერილია ყველა რეგიონი, სად როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.