თარიღი: 08.12.2023

რატი ბრეგაძემ ლი ჯუნჰუასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნები პასუხობს გლობალურ გამოწვევებს და მათი განხორციელება ეროვნულ დონეზე გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებისთვის სახელმწიფო სერვისების სწრაფ, თანაბარ და ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას. სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები

სამინისტროს სავიზიტო ბარათია, რომელზე ხელმისაწვდომობასაც უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

იუსტიციის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტ სერვისს 118 იუსტიციის სახლისა და მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუფერხებლად აწვდის მომხმარებელს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალდანერგილი მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით სოფლის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ყველა სერვისი სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე, ინოვაციურია იუსტიციის სახლების ფუნქციონირება პენიტენციურ დაწესებულებებში.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფისთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.