თარიღი: 27.09.2022

Eurojust-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრისას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შესანიშნავ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მტკიცე სექტორული თანამშრომლობა ეხმარება ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის პერსპექტივის მიღების შემდეგ პროცესი უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთვის დადებითად დასრულდება.

ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს უწყებებს შორის სასწავლო და სამუშაო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე.

რატი ბრეგაძე ლადისლავ ჰამრანს იუსტიციის სამინისტროში შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციისთვის: ევროჯასტი (Eurojust) სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის ორგანოა. მისი ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა.