თარიღი: 12.05.2023

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიები“ დასრულდა. ციფრული ხელსაწყო (digital tool), რომელიც სამართალშემოქმედების პროცესის ავტომატიზაციას ითვალისწინებს, უკვე გამართულად ფუნქციონირებს. სამუშაო პროცესში ციფრული პლატფორმის გამოყენებისათვის რამდენიმეეტაპიანი გადამზადება გაიარეს სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. შესაბამისი სერტიფიკატები მათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

ლიგალტექის პროგრამა „Logos“-ის გამოყენებით სამართლებრივი აქტების პროექტების შექმნა ამარტივებს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესს და შესაძლებელს ხდის ტექსტის გარდაქმნას სქემატურ გამოსახულებად, აგრეთვე, ნორმათა ციფრულ ვიზუალიზაციას. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში იყენებს გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტრო.

პროექტის ავტორები არიან შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა და ბტუ-ს სამართლის ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორი, სამართლის ინჟინერი ლადო სირდაძე. პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყო ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა.