თარიღი: 22.11.2023

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და მოადგილე ბექა ძამაშვილმა უნგრეთის სახელმწიფოს სერვისების გაცემის ცენტრი მოინახულეს.

ქართულმა მხარემ მასპინძლებს სერვისების გაცემის ქართული გამოცდილება გაუზიარა. საუბარი შეეხო იუსტიციის სახლების კონცეფციას, მობილური იუსტიციის სახლის ინოვაციურ პროექტსა და იუსტიციის სახლების მუშაობას პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც მსჯავრდებულებისათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში დღეს დაიწყო. რატი ბრეგაძემ უკვე გამართა შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან. ხვალ ქართული დელეგაცია უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და უნგრეთის შს მინისტრს შეხვდება; დაგეგმილია, აგრეთვე, ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში.