თარიღი: 03.05.2022

იუსტიციის სახლმა სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრესიანსა და სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ სტუმრებს იუსტიციის სახლის მუშაობის პრინციპები გააცნეს, ადგილზე დაათვალიერებინეს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები. კარენ ანდრესიანი დელეგაციასთან ერთად, ასევე, გაეცნო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სომხეთის დელეგაციას ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში მასპინძლობს. ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება თებერვალში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის სომხეთში ვიზიტისას მიიღეს. სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის წარმატებული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სომხურ მხარეს, გაიზიაროს ქართული ინოვაციური სერვისების გამოცდილება.

ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებმა თემატურ სესიებზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა; ელექტრონული სახელმწიფო სერვისები, აღსრულების საკითხები, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, ფორმალური და არაფორმალური იურიდიული განათლება და სხვა.

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დღეს დასრულდება.