თარიღი: 03.08.2022

მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“ გაიმართა. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და მასში 19 მსჯავრდებული მონაწილეობს. სცენარი, რეჟისურა, რეკვიზიტები, მხატვრული გაფორმება და აფიშაც თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. სპექტაკლი №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დაიდგა.

სპექტაკლზე მუშაობის პროცესში მსჯავრდებულებს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა ჰქონდათ, რადგან ეს მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ნაწილია. თავად სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს აზრი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეცდომის დაშვების შემდეგ უნდა შეეძლოს ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება. სპექტაკლზე მუშაობის პროცესი თითოეული მონაწილე მსჯავრდებულისთვის იმის გააზრების ერთგვარი საშუალება იყო, თუ როგორ და რა შინაგანი სირთულეების გადალახვის შედეგად შეძლებენ საკუთარი შეცდომებიდან იმ გამოცდილების გამოტანას, რაც ცხოვრების უკეთესად დაგეგმვაში დაეხმარებათ. „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“ უკვე დაიდგა სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე; პირველ სპექტაკლში მონაწილე რამდენიმე მსჯავრდებულმა კი, უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება და მათ სხვა მსჯავრდებულები ჩაენაცვლნენ. თავად სპექტაკლიც, ისევე, როგორც მასზე მუშაობის პროცესი, მსჯავრდებულებისთვის საზოგადოებაში დაბრუნების ერთგვარი რეპეტიციაა. სპექტაკლის დაწყებამდე მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

სპექტაკლს დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ,,ციფრული უნივერსიტეტის“ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის სამინისტროს სსიპების და საპატრიარქოს წარმომადგენლები.