თარიღი: 13.06.2022

ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც უზრუნველყოფს ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას.


იმ ადვოკატებს კი, ვისაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშობა ან/და სხვა ნებისმიერი მიზეზით ვერ დაჯავშნის ვიზიტს, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა აქამდე არსებული სტანდარტული პროცედურის გავლით შეეძლებათ.


ელექტრონული დაჯავშნის სისტემის მუშაობას დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანთან ერთად გაეცნო.


ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტს და შესაძლებლობას, მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი. პორტალის ეფექტიანად გამოყენება განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგსაც.


წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ამ ეტაპზე პორტალი საპილოტე რეჟიმში №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს.
ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალის მისამართია: https://penitentiary.gba.ge ; ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი: 511 10 30 97.