თარიღი: 12.04.2022

ეროვნულ არქივში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. საქველმოქმედო აქციაზე საკუთარი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები სამინისტროს სისტემის 80-ზე მეტმა თანამშრომელმა წარმოადგინა.

ნამუშევართა რეალიზაციიდან მიღებული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება. კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების სახელით სააღდგომოდ გადასცემენ.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა კონკრეტული ნივთის შეძენის გარეშე, მხოლოდ თანხის გაღებითაც არის შესაძლებელი. ამისათვის საგამოფენო დარბაზში სპეციალური ყუთებია განთავსებული.

გამოფენა-გაყიდვა დამთვალიერებლებს მთელი კვირის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, 11:00-იდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.