თარიღი: 26.05.2022

ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა იყო საჯარო ლექციის თემა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ამბროლაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის წაიკითხა.

მინისტრის მოადგილე მსმენელებს იმ რთული და წარმატებული ბრძოლის შესახებ ესაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში – სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ბექა ძამაშვილმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის იმ ფაქტებს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები გადაწყვეტილებებში აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ადასტურებენ, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის დადასტურება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ დაკავების ბრძანებების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის დანაშაულის გამოკვეთა; ისაუბრეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლაიშვილმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხეს.

საჯარო ლექცია ამბროლაურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.