თარიღი: 07.09.2022

რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტ იენს ბორმანთან შეხვედრისას ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს სანოტარო სამართლის წარმოებაში აქვს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დისტანციურად მიიღონ ყველა სერვისი. მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ საქართველოში ნოტარიუსთა სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 რაიონშია ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს.

სანოტარო სამართლის წარმოება, ელექტრონული სამართლებრივი გარიგებების მომზადების ტექნიკა, დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების საშუალებები, ერთობლივი პროფესიული სასწავლო მოდულების განხორციელება - ეს ის საკითხებია, რომელიც მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს. რატი ბრეგაძემ იენს ბორმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან.

შეხვედრას მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები, ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ.