თარიღი: 16.04.2022

რეფორმის პრეზენტაცია კახეთის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. მთავრობის მეთაურმა აზომვითი სამუშაოების დემონსტრაციაშიც მიიღო მონაწილეობა და უახლესი თაობის დრონის აპარატისა და შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით მიწის ნაკვეთი აზომა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწის რესურსის 1/3 დღემდე არ არის რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან.

„ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მოიცავს ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტს, ათასზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს და 4000-ზე მეტ დასახლებას... მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, პროექტის პარტნიორ მსოფლიო ბანკს და პროექტში ჩართულ პროფესიონალებს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიწაზე საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს; მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი კი, ამ უფლების რეალიზაციისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

„ამ პროექტის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვინ არის კონკრეტული ნაკვეთის მესაკუთრე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე... პროექტი მიმდინარეობს გარკვეული გრაფიკით და დასრულდება 2024 წელს. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენა იქნება, როდესაც 2024 წელს პრობლემები, რომლებიც გვაქვს დღეს, აღარ იარსებებს“.

რატი ბრეგაძემ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და პროექტში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს, რომელთა შრომის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

პროექტის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ თორთლაძემ გამართა. ღონისძიებაზე მიწის სისტემური რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ტექნიკაც იყო წარმოდგენილი. პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის უწყებამ 174 მაღალი გამავლობის მანქანა, 233 GPS როვერი, 233 პლანშეტი შეიძინა. უახლესი ტექნოლოგია და რეგისტრაციის ელექტრონული პროცესი პრაქტიკულად გამორიცხავს მიწის ნაკვეთების გადაფარვას და ცდომილებებს. რეფორმაში უწყების 1000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული, პროექტის ჯამური ღირებულება კი, 120 მილიონ ლარს შეადგენს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს ურეგისტრირებს. ყველა მომსახურება მესაკუთრეებს ადგილზე, ოფისში მისვლის გარეშე, უფასოდ მიეწოდებათ.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.