რატი ბრეგაძე: „შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას, რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში?“

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას „რუსთავი 2“-ის ეთერში უპასუხა. რატი ბრეგაძის თქმით, მოხარული იქნება, თუკი მსჯავრდებული სააკაშვილი, ევროპული სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე:

„ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება... ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას?“

რატი ბრეგაძის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებული სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

„თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია... ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს“, – განაცხადა მინისტრმა.

სტრასბურგის სასამართლომ 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა მას შიმშილობის შეწყვეტა.

11.11.2021