თარიღი: 15.12.2021

მაღალი რანგის წარმომადგენლობით მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები.

რატი ბრეგაძე მინისტერიალის სამ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ და აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი გააცნო.

ამ სფეროში გატარებული რეფორმების შედგად 2010-2021 წლებში 5200 არასრულწლოვანს მიეცა კიდევ ერთი შანსი, თავიდან აერიდებინათ სისხლისსამართლებრივი დევნა და ნასამართლობა. განრიდების პროგრამის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში მათგან მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა დანაშაული, რაც პროექტების წარმატების დადასტურებაა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის ქვეყნების მინისტრებს საკუთარი ხედვებიც გააცნო აღდგენითი მართლმსაჯულების კიდევ უფრო განვითარებისათვის. მინისტერიალის პარალელურად, რატი ბრეგაძემ შეხვედრები გამართა იტალიის, უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.

იტალიის იუსტიციის მინისტრ მარტა კარტაბიასთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიან სტრატეგიაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს და ამ კუთხით იტალიასთან თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაც.

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა უნგრეთის იუსტიციის სამინისტროსთან. სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრისას რატი ბრეგაძემ ორმხრივ ურთიერთობებსა და სერვისების მიწოდების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. კოლეგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა, რომელიც საქართველოში საპილოტე რეჟიმში 2021 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს.