თარიღი: 04.11.2022

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პენიტენციური სამსახურის ტრენინგების დეპარტამენტის უფროს ობერსტ მარტინ ჰოფმანს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებისთვის პრიორიტეტულია ძლიერი, უსაფრთხო და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფა. მისი თქმით, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმის ფარგლებში სწორება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე ხდება. ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპული გამოცდილების გაზიარება.

რატი ბრეგაძემ ობერსტ მარტინ ჰოფმანთან ერთად სასწავლო მოდულები განიხილა. იუსტიციის მინისტრი დაინტერესდა სასწავლო ტრენინგების ავსტრიული გამოცდილებით რეჟიმისა და უსაფრთხოების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიმართულებით. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უწყება მნიშვნელოვან რესურსს დებს თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესებისთვის და ამას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რაც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების და პერსპექტივის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი.