თარიღი: 16.10.2021

2021 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის მეშვიდე შეხვედრა. ქვეკომიტეტის შეხვედრები, როგორც წესი, იმართება ყოველ წელს, მონაცვლეობით - თბილისსა და ბრიუსელში. მიმდინარე წელს ქვეკომიტეტის შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების თანამშრომლობის ფარგლებში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების ქვეკომიტეტის შეხვედრა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამართლის უზენაესობის, სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა; ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საკითხები (მათ შორის, ფულის გათეთრება და ტერორიზმთან ბრძოლა); სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობა; მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის საკითხები და სხვ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ საქმიანობას კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირს მიეწოდოს ინფორმაცია იმ რეფორმებსა და მიღწევების შესახებ, რომელიც ხორციელდება სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების გაძლიერებისათვის.
ქვეკომიტეტის სხდომას ქართული მხრიდან კოორდინაციას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; საქართველოს მთავარი პროკურატურის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; ფინანსური მონიტორინგის სამსახურის; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს; სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.

ევროკავშირის მხრიდან ქვეკომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.