​იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისი PROBBOX დღეიდან 6 ქალაქში ამოქმედდა

პრობაციონერები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით შეძლებენ.

დღეიდან ეს ყველაფერი პირობით მსჯავრდებულებისთვის ელექტრონულად იქნება უზრუნველყოფილი. ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა „PROBBOX“ საპილოტე რეჟიმში ჩაირთო.

პრობბოქსი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მის მოადგილესთან ბუბა ლომუაშვილთან ერთად წარადგინა.
ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოს 6 დიდ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში განაწილდა.

შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია თუ მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა - ამ და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება „PROBBOX“-ით მოხდება.

ნოვატორული სიახლის დანერგვამდე, ვალდებულებების შესასრულებლად პირობით მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროში მისვლა ესაჭიროებოდა. ინოვაციური მოწყობილობის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განაწილება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ნოვატორული მექანიზმის შექმნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას დაანონსდა. ეტაპობრივად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

22.12.2021