საქართველოს პირველი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია  დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის N550 ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანებულებით დამტკიცდა რიგით მეორე ანტიკორუფციული სტრატეგია, ხოლო 2010 წლის 14 სექტემბერს ძალაში შევიდა ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმა. ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტები აერთიანებდნენ შვიდ სტრატეგიულ პრიორიტეტს.

ახალ გამოწვევებთან ბრძოლის, ასევე მიღწეული შედეგების გაღრმავების, არსებული მექანიზმების შემდგომი დახვეწისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბების გაფართოების მიზნით, 2013 წელს ანტიკორუფციულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ.

სამუშაო პროცესი წარიმართა ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფისა და ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 13 სტრატეგიულ პრიორიტეტზე დაყრდნობით.

ანტიკორუფციული დოკუმენტების მომზადების პროცესში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, თითოეული თემატური სამუშაო ჯგუფის მომხსენებლად განისაზღვრა როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი.

მესამე ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია  და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა  საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 20 აპრილს დაამტკიცა. ახალი გამოწვევების ასახვის მიზნით 2016 წელს ანტიკორუფციული სტრატეგია  და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა  განახლდა და დამტკიცდა საბჭოს მიერ 2016 წლის 27 მაისს. ამასთან, ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებაში ჩართო სამი მუნიციპალიტეტი (თბილისი, ქუთაისი და რუსთავი), შესაბამისი პრიორიტეტული მიმართულება აისახა განახლებულ პოლიტიკის დოკუმენტებში.

ანტიკორუფციულმა საბჭომ რიგით მე-14 სხდომაზე დაამტკიცა ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია  და 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა. აღნიშნული ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27 სექტემბერს N443 დადგენილებით  დაამტკიცა.

2019-2020 წწ. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმა 2019 წლის 4 ოქტომბერს მთავრობის N484 დადგენილებით დამტკიცდა.
 
2019-2020 წწ. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია ეფუძნება 2018-2020 წწ. სამთავრობო პროგრამას, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ასევე წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასებისა და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზს. სამუშაო პროცესი წარიმართა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 16 სტრატეგიული პრიორიტეტის საფუძველზე, რომელიც მომზადდა ექსპერტთა დონის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული აქტიური სამუშაოს შედეგად.
 
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას 2 წლის ვადით. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია კონკრეტული ნაბიჯები სტრატეგიაში იდენტიფიცირებული მიზნების მისაღწევად, მათი შესრულების ინდიკატორები, პასუხისმგებელი და პარტნიორი უწყებები/ორგანიზაციები, რისკები, ფინანსური რესურსის წყარო და განხორციელების ვადები.


დანართები:
ანტიკორუფციული სტრატეგია 2015
ანტიკორუფციული სტრატეგია 2010
ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 2010-2013
ანტიკორუფციული სტრატეგია 2015-2016
ანტიკორუფციული სტრატეგია 2017
ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 2017-2018
ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 2019-2020
ანტიკორუფციული სტრატეგია 2019-2020