ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გამართა

თარიღი: 30 ივლისი 2020

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გამართა. კანონი უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და მას არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი ათეულობით წლის განმავლობაში ელოდა. იუსტიციის მინისტრმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა ფაქტს იმის შესახებ, რომ საქართველოს პირველად აქვს საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, არამედ მათი უფლებების დაცვის ვალდებულებას. კანონი შშმ პირთა შესახებ მათი უფლებების დაცვას, პირველ რიგში, სახელმწიფოს აკისრებს და საკანონმდებლო აქტი თავად განსაზღვრავს სხვადასხვა უწყების ვალდებულებებს, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები შესაბამის სფეროში კანონის ეფექტური აღსრულებისთვის.
 

თეა წულუკიანმა „შშმ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით, სამთავრობო უწყებებთან ერთად, გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რაც მოცემული მასშტაბური რეფორმის შედეგი იქნება.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა ახალმა კანონმა ჩაანაცვლა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი. ეს უკანასკნელი, მისი მიღების დროიდან გამომდინარე, მთლიანად მოძველებული იყო და აღარ პასუხობდა ამ სფეროში არსებულ რეალურ გამოწვევებს, ხოლო ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ მოქმედებდა.

ახალი კანონის პროექტის წერისას განხორციელებული კვლევის მიხედვით, ის 150 000-მდე პირს შეეხება, რაც ცხადყოფს ქვეყანაში რეფორმის არა მხოლოდ მწვავე აუცილებლობას, არამედ თავად რეფორმის მასშტაბსა და მნიშვნელობას.
უმარავ სიხალესთან ერთად კანონი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, როგორიცაა:
 

– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც;

– კანონს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება აქვს;

– სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი;

– კანონი ითვალისწინებს ისეთი ახალი სერვისის შემოტანას, როგორიცაა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში, სერვისის გაცემის დაწყება კი, დამოკიდებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სერვისის მოცულობის განსაზღვრაზე;

– მუნიციპალიტეტებს, ასევე, განესაზღვრებათ ვალდებულებად, ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც ეს პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს;

– კანონი ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სერვისების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად, 15-წლიან ვადაში განხორციელდეს;

– კანონს შემოაქვს „გონივრული მისადაგების“ პრინციპის ცნება, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.

კანონპროექტის შემუშავების პროცესი ბევრჯერ შევიდა ჩიხში, თუმცა, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში გაცოცხლება. სამუშაო ჯგუფმა კანონპროექტის შემუშავებისას ის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართო, რომლებიც შშმ პირებს წარმოადგენენ.
 

აღნიშნული კანონი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. კანონის პირველადი პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
 

2017 წელს სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში შექმნის შედეგად პროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა. მასში შეტანილ იქნა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და მთავრობის შემადგენლობასთან სიღრმისეული კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, რეფორმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს.