იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისის ახალ საპყრობილეში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა

თარიღი: 28 ივლისი 2005

ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ახალ საპყრობილეში მუშაობის მსურველთათვის იუსტიციის სამინისტრომ დღეს კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველებმა 10 აგვისტომდე იუსტიციის სამინისტროში, ან ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილ სამდივნოს უნდა მიმართონ და, შესაბამის განცხადებას სათანადო დოკუმენტები დაურთონ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ეკა ტყეშელაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ასეთი კონკურსი სასჯელაღსრულების სისტემაში პირველია. ქუთაისის ახალ საპყრობილეში სულ 300 ვაკანსიაა.
„პენიტენციარული სისტემის რეფორმაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ქუთაისის მსგავსად, კონკურსი გამოცხადდება რუსთავის ახალ, №6 საპყორბილეში მუშაობის მსურველთათვის. ეს საპყრობილეები, სავარაუდოდ, წლეულს ოქტომბერში გაიხსნება და იგი საერთაშორისო დონეზე იქნება აღჭურვილი", - აღნიშნა ეკა ტყეშელაშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქუთაისის საპყრობილეში თანამშრომელთა ხელფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს დღეს ამ სისტემის დაწესებულებებშია - მინიმალური ხელფასი 150 ლარით, ხოლო მაქსიმალური - 950 ლარით განისაზღვრება.
28 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კონკურსში მონაწილეთა განცხადებებს მიიღებს სპეციალურად შექმნილი ორი სამდივნო. ერთი განთავსდება ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში, ხოლო მეორე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
კონკურსი 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით წარიმართება. პირველი ეტაპზე, საბუთების მიხედვით, 600 საუკეთესო პრეტენდენტი შერჩევა. საბუთების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება: უმაღლეს განათლებას (იურიდიული, პედაგოგიური, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტოლოგიური), სამუშაო გამოცდილებას, კომპიუტერული პროგრამებისა და უცხო ენების ცოდნას.
18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით იუსტიციის სამინისტროში შედგება კონკურსის მეორე ეტაპი _ გასაუბრება - რომლის საფუძველზეც შეირჩევა 300 კანდიდატი;
კონკურსის საბოლოო შედეგი 25 აგვისტოს გახდება ცნობილი, 29 აგვისტოდან კი დაიწყება შერჩეული კანდიდატები ერთთვიან მოსამზადებელ კურსს გაივლიან, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საზოგადოების მხარდაჭერით ჩაატარებს.
ტყეშელაშვილის განცხადებით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, 21 წლიდან 35-წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინიტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინიტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინიტროს მოქმედი თანამშრომლებს - 65 წლამდე.
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას, ჰქოდეს კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა და იცოდეს სხვადასხვა ნორმატიული აქტი.