საქართველოში 184 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული

თარიღი: 28 ივლისი 2005

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტმა 2005 წლის 6 თვის განმავლობაში რეგისტრაციაში გაატარა ორი პოლიტიკური პარტია, 314 კავშირი (ასოციაცია), 56 ფონდი და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ექვსი წარმომადგენლობა (ფილიალი).
სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის გია გოგიბერიძის ინფორმაციით, ამ პერიოდში იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდა პარტია "ქართული მოძრაობა" და „საქართველოს კონსერვატიული პარტია".
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 184 პოლიტიკური პარტია, 19 - შემოქმედებითი კავშირი, 7896 - კავშირი (ასოციაცია), 1125 - ფონდი, 98 - უცხო ქვეყნის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების წარმომადგენლობა.
კავშირებისა და ფონდების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში 2005 წლის 1 მარტიდან შევიდა. მანამდე ეს ფუნქცია საერთო სასამართლოებს ჰქონდა. იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოებიდან სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ რეგისტრირებული კავშირებისა და ფონდების რეესტრი შექმნა.