ვლადიმერ არუთინიანი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

თარიღი: 30 ივლისი 2005

2005 წლის 10 მაისს თავისუფლების მოედანზე, აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გამოსვლისას ტერორისტული აქტის ცდელობასა და მკვლელობაში ბრალდებული ვლადიმერ არუთინიანი იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს.
არუთინიანი სამართალდამცველებმა 20 ივლისს ვაშლიჯვარში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, დააკავეს. სპეცოპერაციისას არუთინიანი მძიმედ დაშავდა და იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში არუთინიანის გადაყვანასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარემ შოთა კოპაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პატიმარი საიზოლაციო პალატაშია განთავსებული. კოპაძეს მტკიცებით, მისი უსაფრთხოება დაცულია.
"ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა კოპაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოს ექიმები არუთინიანის ავადმყოფობის ისტორიას სწავლობენ.