საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა წლეულს 521-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო

თარიღი: 01 აგვისტო 2005

საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2005 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 521-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში ამჟამად საქართველოს მოქალაქეობის მსურველი 100-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება იხილება.
იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ლილი ერაძის ინფორმაციით, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლება საქართველოს პრეზიდენტს, კანონით, 2004  წლის 9 სექტემბრიდან აქვს. ამ დროს შევიდა ძალაში შესაბამისი დებულება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა. ასეთი სტატუსის მიღების მსურველნი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავენ.
2004 წლის 9 სექტემბრიდან ამავე წლის ბოლომდე ორმაგი მოქალაქეობა 47-მა მოქალაქემ მიიღო, მათ შორის არიან სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, ჯანრი კაშია, ზურაბ სოტკილავა, ნინო ანანიაშვილი, ნოე ჟორდანიაას შთამომავალი რეჯებ ჟორდანია, ესპანეთში მცხოვები ქართველ მეფეთა შთამომავლები - ბაჯრატიონ-მუხრანელები და სხვები.