სამართლის სფეროში მომზადებულ პრობაციონერებს სერტიფიკატები გადასცეს

თარიღი: 02 აგვისტო 2005

  არასრულწლოვან და 24 წლამდე ასაკის 21 პრობაციონერს (არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებულს) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დღეს სამართლის სფეროს ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. ათდღიან ტრენინგში 26 მსჯავრდებული მონაწილეობდა, თუმცა ყველა მათგანმა სერტიფიკატის მოპოვება ვერ შეძლო.
ახალგაზრდა პრობაციონერთათვის სწავლება ევროკომისიისა და ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის" დაფინანსებითა და იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
პრობაციონერებისათვის ჩატარებული ტრენინგის მიზანი სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სწავლება იყო. მასზე განიხილეს ადამიანის უფლებები, სამოქალაქო სამართალი (მემკვიდრეობა, ალიმენტი), ბავშვის ინტერესის დაცვა საოჯახო ურთიერთობებში, სისხლის სამართალი და სხვა. მსჯავრდებულებს ასწავლეს განცხადების, ხელშეკრულების, ორგანიზაციის წესდების წერა.
ტრენინგის მონაწილეებმა ჩაატარეს სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი, სადაც მოზარდები თავად იყვნენ პროკურორები, მოსამართლეები, ადვოკატები. მოამზადეს საბრალდებო დასკვნა, დაცვის სიტყვა, ექსპერტის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები და სასამართლო განაჩენი.
სერტიფიკატების გადაცემისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ეკა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ პრობაციონერ პირთათვის პირველი ტრენინგი ჩატარდა, რაც არამარტო პრაქტიკული სამართლის გაცნობას ისახავდა მიზნად, არამედ ახალგაზრდა პრობაციონერთა რესოციალიზაციას, რათა მათ მომავალი ცხოვრება ლეგიტიმურად წარმართონ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა დოლიძის თქმით, ტრენინგში მონაწილეთა ინტერესი დიდი იყო და მათ კარგად აითვისეს ის უნარ-ჩვევები, რის გადაცემასაც მათთვის ტრენერები ცდილობდნენ.
იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე არაყიშვილის ინფორმაციით, სწავლებაში თბილისის მასშტაბით აღრიცხული 24 წლამდე პრობაციონერი მონაწილეობდა. „გარდა ცოდნის შეძენისა, სწავლებაში მონაწილეობა პრობაციონერებისათვის სასარგებლო იქნება მაშინაც, როდესაც მათთვის ნასამართლეობის გაქარწყლებაზე სასამართლო იმსჯელებს. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პრობაციორთა ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში", - აღნიშნა არაყიშვილმა.