სააღსრულებო დეპარტამენტში არსებულ ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრება მიმდინარეობს

თარიღი: 03 აგვისტო 2005

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სააღსრულებო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსში მონაწილეებთან დღეს გასაუბრება დაიწყო, რომელიც 10 აგვისტომდე გასტანს.
საკონკურსო კომისიის წევრის, იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძის ინფორმაციით, კონკურსი 40 თანამდებობაზეა გამოცხადებული, რომელთაგან ერთი ნაწილი ვაკანტურია, ხოლო სხვა თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ.
სააღსრულებო დეპარტამენტში ვაკანტურია თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსისა და მისი მოადგილის, ასევე, სხვა თანამდებობები.
კონკურსში მონაწილეობის სურვილით 11 ივლისიდან 25 ივლისამდე იუსტიციის სამინისტროს 141-მა კანდიდატმა მიმართა, მათ საკონკურსო პროგრამა გადაეცათ, რომელიც, ძირითადად, სააღსრულებო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას მოიცავს.
დიმიტრი ძაგნიძის მტკიცებით, კონკურსის მიმდინარეობისას ძირითადი აქცენტი გაკეთდება კანდიდატთა პროფესიულ გამოცდილებასა და სააღსრულებო სისტემის განვითარების შესახებ მათ ხედვაზე.