თბილისის №7 საპყრობილეში ადვოკატს პატიმარ გიგა ბალავაძესთან მობილური ტელეფონი შეჰქონდა

თარიღი: 04 აგვისტო 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №7 საპყრობილეში მყოფი პატიმრის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განსასჯელი გიგა ბალავაძისათვის მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობისას საპყრობილის თანამშრომლებმა მისი ადვოკატი, კრწანისის რაიონის ადვოკატურის წევრი, ანა ჟ.-ი დააკავეს.
დაცვის ქვეშ მყოფთან მისულ ადვოკატს მობილური ტელეფონი ფეხსაცმელში ჰქონდა დამალული.
გიგა ბალავაძე მრავალჯერ ნასამართლევია, მას ბრალი ედება ადამიანების გატაცებებში, რომელთაც ორგანიზებას საპატიმროდან, მობილური ტელეფონის მეშვეობით, ახდენდა. ბალავაძეს ბრალი ედება დედა-შვილის ელგუჯა გვილავასა და ელზა კაჭიურის გატაცებაში, ასევე, თბილისის ყოფილი მერის ვანო ზოდელავას შვილის გატაცების ორგანიზებაში.

საპატიმროში მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობის გამო ადვოკატს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება.