სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ოფისი მარნეულში გაიხსნა

თარიღი: 18 აგვისტო 2005

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ტორბენ ჰოლცემ დღეს მარნეულში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ოფისი გახსნეს, სადაც მოსახლეობას 14 დასახელების დოკუმენტის მიღება შეუძლია.
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში საპასპორტო სამსახურისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ფუნქციები გაერთიანდა.
კონსტანტინე კემულარიას თქმით, მარნეულის ოფისი, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ოფისების შემდეგ მეოთხეა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ექვსთვიანი პროექტის ფარგლებში გარემონტდა და აღიჭურვა. ერთობლივი პროექტი „იუსტიციის სამინისტროს ქმედითუნარიანობის გაზრდა: სამოქალაქო რეესტრის რეფორმის კომპონენტი" 2005 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს.
„სახელმწიფო რეესტრის მარნეულის სამსახური ყოველკვირეულად 1000 ადამიანს ემსახურება. მოქალაქეებს აღარ მოუწევთ რიგში დგომა და კორუფციული გზებით დოკუმენტების მოპოვება, მათ კვალიფიციური, კონკურსგავლილი თანამშრომლები მოემსახურებიან", - აღნიშნა კონსტანტინე კემულარიამ.
მარნეულის ოფისი, ისევე, როგორც რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ოფისები, ახალი კომპიუტერული ტექნიკით არის აღჭურვილი. სახელმწიფო რეესტრის წარმოებისათვის შემუშავებული და დანერგილია სპეციალური კომპიუტერული პროგრამა.
საპასპორტო სისტემის რეფორმა, იუსტიციის სამინისტროსადმი მისი დაქვემდებარებით, 2004 წლის ნოემბრიდან დაიწყო. რეფორმის მიზანი მოსახლეობისათვის დოკუმენტაციის მიღების გამარტივება და „ერთი სარკმლის პრინციპის" დამკვიდრებაა. საპასპორტო სამსახურისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის გაერთიანებულ ოფისში მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დაბადების, ქორწინების მოწმობები და სხვა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი სამსახურის ოფისები, ეტაპობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით გარემონტდება და აღიჭურვება.