საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 16 თებერვალი 2011

საქართველოში გეოდეზიის, კარტოგრაფიის, ტოპოგრაფიის, მიწის კადასტრისა და ამ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და განვითარების ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას გაივლიან.

სტაჟირება, რომელიც 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება, სტუდენტებს დაეხმარება როგორც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გაანალიზებასა და განზოგადებაში, ისე კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში პრაქტიკულად განახორციელონ თავიანთი ნაშრომები, სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენონ სააგენტოს მასალები და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.  

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მემორანდუმის საფუძველზე, მოიზიდავს პროგრესულ საკადრო რესურსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების სახით და შესაძლებლობების ფარგლებში დაასაქმებს მათ.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 1 იანვრიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან გადმოეცა გეოდეზია-კარტოგრაფიის დეპარტამენტის ფუნქცია. შესაბამისად, სააგენტო ქვეყანაში გეოდეზიის, ტოპოგრაფიის, კარტოგრაფიის, კადასტრის, გეოინფორმაციული სისტემების  განმსაზღვრელი და საქმიანობის წარმმართველი სახელმწიფო დაწესებულებაა.