სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დროს ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა

თარიღი: 17 თებერვალი 2011

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დროს ტერიტორიული შეზღუდვა აღარ იარსებებს.  ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გამართა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, სახელის, გვარის (მამის სახელის) შეცვლის, განქორწინების, შვილად აყვანის რეგისტრაცია, მამობის დადგენის რეგისტრაცია უკვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურშია შესაძლებელი.

ამ დრომდე მოქალაქეებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია საცხოვრებელი მისამართის მიხედვით უნდა განეხორციელებინათ.

"სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კუთხით, მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ამ სერვისის მისაღებად აღარ მოუწევთ  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ ოფისში მისვლა. მათ შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სამსახურში მიიღონ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება," - განაცხადა ვაშაძემ.