თბილისის მერიაში პროექტ ''საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის'' შესახებ სამუშაო შეხვედა გაიმართა

თარიღი: 18 თებერვალი 2011

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტის - "საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ეფექტური განხორციელებასთან" დაკავშირებით თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა.

პროექტის ეფექტური განხორციელების მიზნით შეიქმნება ადგილობრივი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროექტში მონაწილე უწყებათა წარმომადგენლებით. საკოორდინაციო საბჭო კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს იმ სამუშაო ადგილების რეესტრს,  სადაც აღსრულდება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

იგი  თვეში ერთხელ შეიკრიბება და განაახლებს შრომის ადგილთა ალტერნატივების სიას, რომელსაც მიაწოდებს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში არსებულ სპეციალურ მონაცემთა ბაზას, სადაც თავს მოიყრის დეტალური ინფორმაცია არსებული შრომითი ადგილებისა და მათი სამუშაო აღწერილობების შესახებ. საკოორდინაციო საბჭო აგრეთვე განიხილავს კონტროლში გამოვლენილ პრობლემატურ საკითხებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა მოიძიებს და სისტემატურად მიაწოდებს საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციას ახალი სამუშაო ადგილების შესახებ. რის საფუძველზეც, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიცერი რეგულარულად განაახლებს მონაცემთა ბაზას და მიიღებს შესაბამის ზომებს სანქციის აღსასრულებლად.

მერიაში შეხვედრისას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არის თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივა, იგი ხელს უწყობს რესოციალიზაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. აღნიშნული არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული გარკვეულწილად აანაზღაურებს საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანს."

გიორგი ვაშაძის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი გვაძლევს საშუალებას რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს ციხეში. ეს არის სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის შემადგენელი ნაწილი, ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და არა დამნაშავის წინააღმდეგ ბრძოლა."

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტი - "საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა" პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი მთავრობას უკვე წარედგინა და განსახილველად პარლამენტს გადაეცა.