სემინარი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე

თარიღი: 22 თებერვალი 2011

იუსტიციის სამინისტროში, ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ქართველი სამართალდამცველებისათვის სემინარი მიმდინარეობს. ტრენინგის თემა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებია. სწავლებას პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს წარმომადგნლებიც ესწრებიან.

ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს, შემოსავლების სამსახურისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს აგენტები და ამერიკელი ფედარალური პროკურორები ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობის გრძელვადიანი შესწავლა და გამოძიება, ელექტრონული და ფიზიკური თვალთვალი, ფარული ოპერაციები, კონფიდენციალურ ინფორმატორებთან, აგრეთვე - ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან თანამშრომლობის სახეები, ოპერატიული უსაფრთხოება, ფინანსური დანაშაულის გამოძიება, მოწმეთა დაცვა, ადვოკატთან თანამშრომლობა, სასამართლო სხდომისათვის მომზადება, მედიასთან ურთიერთობა და სხვ.

სემინარის ფარგლებში, ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების პარალელურად, ქართველ სამართალდამცავებს საშუალება მიეცემათ, ტრენერებთან ერთად განიხილონ მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები და მიიღონ მათგან კონკრეტული რეკომენდაციები.

სწავლება 21 თებერვალს დაიწყო და ორ დღეს გასტანს.