საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა - პრეზენტაცია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისთვის

თარიღი: 22 თებერვალი 2011

საქართველოს პროკურატურაში უცხოელი დიპლომატებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები სისხლის სამართლის სფეროში განორციელებულ რეფორმებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მოწვეულ სტუმრებს დეტალურად მოუთხრო რა გზა განვლო სახელმწიფომ 2003 წლიდან დღემდე - როგორ მოხერხდა მძიმე კრიმინოგენული ვითარებიდან გამოსვლა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა; რა შედეგები მოიტანა თამამმა გადაწყვეტილებებმა და როგორ მივიდა ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობიდან სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციამდე.

„დანაშაულის მიმართ ნულოვანმა ტოლერანტობამ მყისიერი ეფექტი მოახდინა - მკვეთრად იკლო დანაშაულის რიცხვმა. დღეს საქართველოში ბევრად უფრო ნაკლები დანაშაული ხდება, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ქართველი სამართალდამცველების პროფესიონალიზმის დამსახურებით, საქართველოში მოქალაქეები თავს დაცულად გრძნობენ," - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

საქართველოში არსებულ უსაფრთხო გარემოზე ისაუბრა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა მაია სიდამონიძემაც. მისი თქმით, ქართველი სამართალდამცველები გარანტირებულად უზრუნველყოფენ სახელმწიფოში მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, უცხო ქვეყნის საელჩოები თავიანთ ვებ-გვერდებზე საქართველოს შესახებ განახლებულ ინფორმაციებს განათავსებენ.